Wednesday, April 13, 2011

ავტოინდუსტრიის სიახლეები


ავტოინდუსტრიის მსოფლიო სიახლეების დიდი რანდევუ წელს მეოთხმოცედ ტარდება და მართალია, დიდი ეკონომიკური კრიზისი საავტომობილო მრეწველობას ჯერაც მძიმე ტვირთად აწევს და სპეციალისტები კარგი პროგნოზებით ჯერაც არ გვანებივრებენ, მაგრამ ჟენევას ეს მაინც არ ეტყობა.

 
თუ შარშან "პალექსპოს" პავილიონებში მხოლოდ 32 მსოფლიო პრემიერა გაიმართა, ამჯერად იქ სიახლეების ნამდვილი შტორმი იყო. პრაქტიკულად ყველა საავტომობილო კომპანია ჟენევაში მნიშვნელოვანი სიახლით წარსდგა, რომელთა უმეტესობა კონცეპტუალური ნამუშევრებია. ამ ნამუშევრებში კი ნათლად ისახება მსოფლიო ავტოინდუსტრიის მომავალი.

დღეს უკვე თამამად შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ მომავალი ელექტრომობილებისაა. მართალია, ჟენევური სიახლეების უმეტესობას ჰიბრიდული ავტომობილები შეადგენს, მაგრამ ეს შიდაწვისძრავიანი ავტომობილებიდან ელექტრომობილებზე გადასვლის უმტკივნეულო გზაა და ჰიბრიდების სიმრავლეც იმაზე მიუთითებს, რომ სულ მალე, კომპანიები თავიანთ მყიდველებს სწორედ ელექტრომობილებს შესთავაზებენ.

მაგრამ ისეც ნუ იფიქრებთ, რომ ჟენევაში ყველას მხოლოდ მომავლის ტექნოლოგიები აინტერესებს. იქ ბევრი ახალი სერიული ავტომობილის ნახვაც შეიძლება და ისეთი კონცეპტუალური მოდელებისაც, რომლებითაც მათი შემქმნელები თავიანთი ახალი კორპორატიული სტილის დემონსტრირებას ახდენენ.

დაკიდევ, ჟენევაში აშკარად იგრძნობა კრიზისის დასასრულის მოახლოება. ამ გარდამავალ პერიოდს კი მწარმოებლები იმისათვის იყენებენ, რომ რაც შეიძლება მეტი მყიდველი მიიზიდონ. ისინი მათ თავიანთ ახლო მომავლის სიახლეებსაც უჩვენებენ, ისეთებს, როგორებსაც ბევრი პოტენციური მყიდველი დაელოდება და თავის მოძველებულ ავტოს მანამ დაიტოვებს, სანამ ჟენევაში შეთვალიერებული ახალი ავტომობილი დილერთა შოურუმებში გამოჩნდება.

ძნელია იმის თქმა, თუ ჟენევური ექსპონატებიდან რომელია ყველაზე თვალსაჩინო და ისეთი, რომელიც სხვებზე მეტად იმსახურებს იმას, რომ რეპორტაჟი მასზე მოყოლით დავიწყოთ. იქნებ "პეჟოთი", რომელსაც დაარსებიდან 200 წელი შეუსრულდა და ამასთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ თავისი ლოგო შეცვალა, თავის ახალ კორპორატიულ სტილსაც დაუდო სათავე და აცხადებს, რომ მალე პრემიუმ სეგმენტში გაბატონებულ გერმანულ კომპანიებს, "ფრანგული ლომების" სახით, სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდება.

No comments:

Post a Comment