Thursday, April 7, 2011

საბჭოეთის მოკრძალებული ხიბლი: ძველი მანქანების ნოსტალგია რუსეთის ელიტურ წრეებში

ახლახან რუსეთის ბიუროკრატებმა, კანონმდებლებმა და პოლიტიკოსებმა თავიანთი შემოსავლებისა და კერძო საკუთრების დეკლარირება მოახდინეს. ძირითადად, ყურადღება მიიპყრო ჩამოთვლილმა ფეშენებელურმა მანქანებმა, იახტებმა თუ საზღვარგარეთ მდებარე სახლებმა. თუმცა დეკლარაციებში ერთი საინტერესო ასპექტიც გამოიკვეთა - საფრანგეთში ვილებისა და ძვირად ღირებული პორშეების გვერდით არაერთხელ შეხვდებოდით ძველ, საბჭოთა პერიოდის მანქანებს. როგორც იუწყებიან, რუსეთის მდიდრებს შორის ამ მოდელების მიმართ ნოსტალგია სულ უფრო მეტად იზრდება.

რუსეთის დედაქალაქში დღეს ბევრად მეტ BMW-ს და „მერსედესს“ შეხვდებით, ვიდრე უწინ ასე ფართოდ გავრცელებულ საბჭოთა „ლადებს“ და „ვოლგებს“. მაგრამ რაც უფრო მდიდრდება ქალაქის მოსახლეობა, მასში ნოსტალგიის განცდაც მატულობს.

ერთმანეთის მიყოლებით არსდება ახალი ჟურნალები და მუზეუმები, რომლებიც ძველ საბჭოთა მანქანებს ეძღვნება - იქნება ეს ტოლიატის ავტოვაზის მიერ გამოშვებული ყუთის ფორმის, სათამაშოს მსგავსი „ლადა“ თუ უფრო მეტად ელიტური ავტომობილები, რომლებსაც მოსკოვში განთავსებული „ზილი“ კრემლის ელიტისთვის უშვებდა.

ხოლო მათ, ვინც ფულის ნაკლებობას არ უჩივის, უკვე შეუძლიათ თავიანთ კერძო კოლექციებს შემატონ აღდგენილი „ჩაიკა“ M-16-ბი და პირველი გამოშვების „ვოლგები“.

მდიდრული ცხოვრების სტილის ამსახველი ჟურნალის „რობ რეპორტის“ რუსულენოვანი გამოცემის რედაქტორი კარენ გაზარიანი ამბობს, რომ ამ მოდას ბიძგი მისცა თავად ვლადიმირ პუტინმა, რომელიც ყურადღებით განახლებული, 1956 წელს გამოშვებული თეთრი „ვოლგის“ ამაყი მფლობელია.

No comments:

Post a Comment